4.04.2010

პაციენტი: მე...



თარიღი: რა დამავიწყებს...
ასაკი: პირველი ორსულობისთვის ხანდაზმულიო, ისე კი (ჩვენებურად), არც ისე დიდი...
კონსულტაციის შედეგი: ვიზუალირდება სანაყოფე პარკი, ზომით 8-9 მმ. სავარაუდოდ 3,5-4 კვირის ორსულობა............

როგორ მიცემდა მაშინ გული....თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ გიცემდა...გამიხარდა და შენც გაგიხარდა...მერე მე მუცლის გარედან, შენ - მუცლის შიგნიდან მივადეთ ხელისგულები, ერთმანეთის ხელისგულებს და მგონი, გავათენეთ....არა, გამთენიისას იავნანასავით წავიმღერე და ( ან კი სად ვიცი სიმღერა) შენ ჩაგეძინა...
ფრთხილად ჩამოვდგი ფეხი საწოლიდან, არ გავაღვიძო-მეთქი და მთელი დღე ფეხის წვერებზე ვიარე...
მეექვსეზე რა ხმაურიანი მეზობლები გვყავს ხომ იცი, ატეხეს ბრაგა -ბრუგი.გაბრაზებულმა ავძახე არ გამიღვიძოთ-მეთქი და...-ვინაო? ჩამომძახეს....სანამ მაგათ ავუხსნი.....
ორივე ხელი მუცელს ავაფარე, ხმაური აღარ შემოვიდოდა, ვიცი, aხლა იბრაგუნონ რამდენიც უნდათ.....
მერე, როცა გამოგეღვიძა, ჭამაზეც შევთანხმდით,ზღაპარზეც და ცოტ-ცოტა ტირილზეც. შენს მაგივრად მე უნდა მეტირა, ხომ გახსოვს....
შენი კვირები ხელის თითებზე წამოვიცვი.ასე ვითვლიდი....
-ათი თითი რომ გაქვსო,- მითხარი,- 9 თვემდე რას გეყოფაო?
ოღონდ მაგის მეტი სადარდებელი არ გვქონოდა.ჩემი ქმრის,დედაჩემის, ბებიაჩემის თითებს მოვიხმარდი თვლაში( მაშინ ბებო ხომ ცოცხალი იყო). კი გვეყოფოდა ცხრა თვემდე, მაგრამ ... 5 კვირის თავზე ღმერთმა ჩამომძახა, მფარველ ანგელოზს ვგზავნი ჩემთან ამოიყვანსო...პატარა აღარავინ დამრჩა, ყველა ანგელოზი ეrთიანად გაიზარდაო.....ისე არ მინდოდა შენი გაშვება, მაგრამ შენც რომ დაიჟინე:დეე, გამიშვი რა ღმერთთან წავალო...აჰა, გაგიშვი და.....
-ღმერთო, სანამ მე მოვალ, კარგად მიმიხედე, ფაფა ბოლომდე შეჭამოს. ჭამის წინ, ხელ-პირი დაიბანოს, ჭუჭყიანი ხელი პირში არ ჩაიდოს, რა ვიცი, მეშინია მაინც...ძილში საბანი არ გადაიხადოს, არ გამიცივდეს, დააფარეთ ხოლმე.თუ დაეცა და მუხლი გაიტეხა, შეუხვიეთ , მე აქედან კოცნას გამოვუგზავნი და მუხლზე დაადეთ, მალე მოურჩება....ჰო, რა ვიცი...თუ რამე დამავიწყდა კიდევ მოგწერთ.
ეს მეექვსე სართულის მეზობლები როგორ ხმაურობენ, ჭერი თავზე ჩამომეmენგრევა.თუმცა, aხლა აღარ ვაჩუმებ , არ გამიღვიძოთ-თქო, აღარც მუცელზე ვიფარებ ხელებს, ხმაურმა არ შეაწუხოს-მეთქი.... იხმაურონ რამდენიც უნდათ, რაRaს დავეძებ...

I'm sorry...

No comments:

Post a Comment